თეგი: შენგენის ზონა

ესტონეთის მთავარ დიპლომატს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის და ხსენებული ზომები სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ. ურმას რეინსალუს თქმით, მოსკოვი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს ლატვიის პოლიტიკას, რომლის თანახმად, ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს მოეთხოვებათ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლითაც "შეჭრას გმობენ". ცნობისათვის, დღესვე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს.

დმიტრო კულება: ევროპაში ტურიზმის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ, საჩივრით კრემლს მიმართონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან, ურჩევს პრეტენზიები კრემლისკენ მიმართონ.  ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა  „ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით მიმართონ კრემლს და მათი თანამემამულეებიდან ომის მომხრე 70%-ზე მეტს. არავინ ითხოვს იმ რამდენიმე რუსისთვის აკრძალვას, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს“,-წერს კულება Twitter-ზე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

რუმინეთი შესაძლოა, შენგენის ზონას წლის ბოლომდე შეუერთდეს

რუმინეთი შესაძლოა, წლის ბოლომდე შეუერთდეს შენგენის ზონას, ამის შესახებ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, ევროპელი ლიდერების სამიტზე განაცხადა. იოჰანის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის ჩეხეთის თავმჯდომარეობის დროს, რუმინეთი შენგენის ზონას წლის ბოლომდე შეუერთდეს. „მაგრამ არ არსებობს გარანტიები, მკაფიოდ უნდა ვთქვა", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, შანსები ახლა  უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში, „რადგან ევროპაში ერთიანობის საჭიროება კიდევ უფრო აშკარა გახდა იმ ომის დროს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“. იოჰანისი დარწმუნებულია, რომ ევროპის ერთიანობა მხოლოდ მაშინ გაიზრდება, თუ რუმინეთი, ბულგარეთი და ხორვატია შენგენის ზონის ნაწილი გახდებიან. „ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, მე მჯერა, რომ ყველა ლიდერმა გააცნობიერა, რომ ამ ნაბიჯს მხოლოდ კავშირის ერთიანობის გაძლიერება შეუძლია“, - აღნიშნა იოჰანსონმა. რუმინეთი შენგენის ზონაში შესვლას 10 წელზე მეტია ელოდება. საკითხი ევროკავშირის საბჭზე დეკემბერში უნდა გადაწყდეს.     

საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს ევროკავშირში არ მიიღებენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ გადაწყვეტილებაზე, რომ არ აღიარონ რუსული დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებშია გაცემული. „ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემა ხდება. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.  რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებად ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები აღარ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ბრიუსელის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს „ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას, საგარეო საზღვრის და საერთო სავიზო პოლიტიკის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“. „ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი ერთიანია და მტკიცედ უჭერს მხარს ორივე ქვეყანას და მათ ხალხს“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუზანმა. „გადაწყვეტილების დასამტკიცებლად დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ 2014 წლის შემდეგ გაცემული რუსული პასპორტებით, ყირიმის მოქალაქეებს, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა.   

ხორვატიამ ევრო ვალუტად დაამტკიცა და შენგენის ზონის წევრი გახდა

ხორვატიამ ევრო ვალუტად დაამტკიცა. ხორვატია შენგენის თავისუფალ ზონაში დღეიდან ოფიციალურად შევიდა. შენგენის შეთანხმების 26-ვე ქვეყანამ, ხორვატიის გაწევრიანებას ხმა 8 დეკემბერს მისცა და ცნობილი გახდა, რომ ხორვატია შენგენის შეთანხმების წევრი 2023 წლის პირველ იანვარს გახდებოდა. ევროკომისიამ ასევე გაუწია რეკომენდაცია ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ მას ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. Euronews წერდა, რომ ავსტრია ეწინააღმდეგებოდა როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის შენგენის შეთანხმებასთან მიერთებას. ნიდერლანდები რუმინეთის მიღებას დაეთანხმა, მაგრამ ბულგარეთის შემთხვევაში თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა აღსანიშანავია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ხორვატიაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები. შენგენის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს „შენგენის შეთანხმება“, 1995 წლიდან არსებობს. კოვიდპანდემიის დროს შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმება ნაწილობრივ განახლდა. 2022 წელს შენგენის ზონაში მყოფმა არაერთმა ქვეყანამ აუკრძალა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზებით მათ ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვიზებით.

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას მარტიდან ნაწილობრივ შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას საჰაერო და საზღვაო საზღვრებით შეუერთდებიან. ევროკომისიის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება რუმინეთთან და ბულგარეთთან 2024 წლის მარტიდან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შესახებ. სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შემდგომი გადაწყვეტილების შესახებ კი მსჯელობა 2024 წელს გაგრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულს ისტორიული მომენტი უწოდა. „დღეს ისტორიული მომენტია ბულგარეთისა და რუმინეთისთვის… და დიდი სიამაყის დღე რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებისთვის. მარტის მდგომარეობით ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაკვეთონ შიდა საზღვაო და საჰაერო საზღვრები სასაზღვრო კონტროლის გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად შენგენის ზონისთვის. ვულოცავ ბულგარეთს და რუმინეთს,“  - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს პოზიცია შეცვალა.